როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ დახმარება სჭირდება, ძიებას იწყებს - ნაცნობებში გაიკითხავს ან ინტერნეტს მიმართავს. მენტალური ჯანმრთელობის სფეროში სამ პროფესიას აღმოაჩენს - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი - და ბევრი ამ ეტაპზე ჩერდება, უბრალოდ იმიტომ, რომ არ იცის, ვინ სჭირდება - ამ მიმართულებებს შორის რა არ ჩევანია....
ეს სტატია იმისთვისაა, რომ ეს არჩევანი უფრო ნათელი გახდეს.
ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი ადამიანის ქცევას, ემოციებსა და შინაგან პროცესებს შეისწავლის. მისი სამუშაო ხშირად შეფასებასა და სამეცნიერო/კლინიკურ კვლევას ეძღვნება - ტესტები, ანალიზი, ზოგჯერ კონსულტაცია. კლინიკური ფსიქოლოგი პირდაპირ ადამიანებთანაც მუშაობს, მაგრამ მისი ფოკუსი ყოველთვის ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ არის.
ის, რისი გაკეთება ფსიქოლოგს, როგორც წესი, არ შეუძლია -ღრმა ფსიქოთერაპიული ჩარევა და წამლების დანიშვნაა. ამისთვის ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრია საჭირო.
ფსიქოთერაპევტი
ფსიქოთერაპევტი ადამიანთან საუბრის გზით მუშაობს - სტრუქტურირებულად, კონკრეტული მეთოდის ან მეთოდების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს კოგნიტური-ბიჰევიორული თერაპია, ჰუმანისტური მიდგომა, ეგზისტენციური თერაპია ან სხვა. ყველა მათგანი ერთი მიზნისკენ მიდის - გაგიადვილოს ის, რაც შიგნით ძნელდება.
ფსიქოთერაპია ორ ადამიანს შორის უშუალო კომუნიკაციაა - არა შეფასება, არა წამალი, არამედ ნამდვილი შეხვედრა.
ფსიქოთერაპევტი შეიძლება სამედიცინო განათლების მქონე ექიმი იყოს, ან ფსიქოლოგი, ვინც თერაპიული სპეციალიზაცია გაიარა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობის უფლება არც მას აქვს. საქართველოში ეს სფერო ჯერ ყველა მხრივ სტანდარტიზებული არ არის, ამიტომ ყოველთვის ღირს ჰკითხო - რა განათლება გაქვს, რა მიდგომას იყენებ.
ფსიქიატრი
ფსიქიატრი ექიმია - სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და ფსიქიატრიაში სპეციალიზაცია გაიარა. მისი ძირითადი ინსტრუმენტია დიაგნოსტიკა და მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა ზოგიერთი ფსიქიატრი ფსიქოთერაპიულ პრაქტიკასაც აწარმოებს, მაგრამ საქართველოში იშვიათად. ანტიდეპრესანტები, განწყობის სტაბილიზატორები, ძილის პრეპარატები - ეს ყველაფერი ფსიქიატრის კომპეტენციაშია.
ფსიქიატრთან მიმართვა ბევრ ადამიანს შიშს უჩენს, თითქოს ეს „ყველაზე სერიოზული" ნაბიჯია. სინამდვილეში კი ეს უბრალოდ სხვა სახის სამედიცინო სპეციალისტია - ისევე, როგორც კარდიოლოგი ან ნევროლოგი.
ძლიერი და სუსტი მხარეები
ფსიქოთერაპევტთან მუშაობის ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ ცვლილება სიღრმიდან ხდება - შენ, შენს აზრებს, ემოციებს, ქცევის ნიმუშებს გაცნობიერებინებს და არჩევანს გაძლევს, გსირს შეცვლი, გსურს - არა. ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, გრძელვადიანია, მაგრამ შეფეგიც ღრმა ფესვებს იდგამს. სუსტი მხარე - მძიმე კლინიკური მდგომარეობებში, სადაც ბიოლოგიური კომპონენტი ძლიერია, თერაპია მარტო ვერ ეყოფა, წამლებია დასამატებელი, ანუ ფსიქიატრის ჩართულობა.
ფსიქიატრის ძალა სიჩქარეშია - სწორმა პრეპარატმა კვირებში შეიძლება შეამციროს ის სიმპტომები, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებას უძნელებს. სუსტი მხარე - ვიზიტები ხშირად მოკლე, ემოციურ სიღრმეს მოკლებული და ადამიანის ნაცვლად დიაგნოზზე ორიენტირებულია. ძირითადად წამალი პრობლემის მიზეზს არ ხსნის - სიმპტომს ამცირებს, რაც ხშირად შემდეგ ფსიქოთერაპიულ პროცესს ამარტივებს.
ფსიქოლოგი კი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა გჭირდება ღრმა შეფასება ან კონკრეტული კვლევითი კონტექსტი.
მაშ, ვის მივმართო?
თუ გრძნობ ემოციურ სიმძიმეს, შფოთვას, სევდას, ურთიერთობებში სიძნელეს, ცხოვრებისეულ კრიზისს ამჩნევ - ან უბრალოდ გინდა, საკუთარი თავი უკეთ გაიცნო- ფსიქოთერაპევტი კარგი პირველი არჩევანია.
თუ სიმპტომები ინტენსიური და მძიმეა - ძლიერი დეპრესია, პანიკური შეტევები, ძილის სრული დარღვევა, ან ისეთი მდგომარეობაა, სადაც ყოველდღიური ცხოვრება რთულდება, ან შეუძლებელი ხდება - ფსიქიატრთან მიმართვა გონივრული ნაბიჯია, ზოგჯერ გადაუდებელიც.
ყველაზე კარგი გამოსავალი კი - ხშირად კომბინაციაა. ფსიქოთერაპია სიღრმისეული მუშაობისთვის, ფსიქიატრია ბიოლოგიური სტაბილიზაციისთვის. ეს რთული შემთხვევებისთვის ოქროს სტანდარტია.
თუ ეჭვობ, რა გჭირდება - ეს ეჭვი უკვე საკმარისი მიზეზია, პირველი ნაბიჯი გადადგა და შეხვედრა დაჯავშნო. პირველ უფასო შეხვედრაზე ერთად გავარკვევთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს შენი გზა.